პროექტები
უკან პროექტებში

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის პროექტი  „სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში“ დასრულდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციამ პროექტი  „სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში“ განახორციელა.

გასულ კვირას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, მხარდამჭერებთან და სტუმრებთან ერთად, პროექტის შედეგები შეაჯამეს.

 პროექტი „სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავდა მენეჯმენტის საშუალო რგოლის განვითარებას, კათედრების ხელმძღვანელების გადამზადებას ლიდერობასა და მენეჯმენტში და კათედრების სისტემის გაძლიერებას.

მთელი წლის განმავლობაში პროექტის აქტივობები ოთხ მთავარ მიმართულებად იყო დაყოფილი:

ტრენინგების მოდული;

ქოუჩინგი და დანერგვა;

რესურსების შექმნა;

ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო საზოგადოებაში;

პროექტმა, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციას მისცა შესაძლებლობა სამიზნე ჯგუფებში აქტუალური გაეხადა საშუალო რგოლის და კერძოდ, კათედრის ხელმძღვანელების მხარდაჭერის მნიშვნელობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა პანელური დისკუსიები, შეხვედრები სკოლების დირექტორებთან, სფეროს ექსპერტებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლებთან.

პროექტის ფარგლებში, პირველად ისტორიაში, ქართული სკოლებისათვის კათედრის მუშაობის გზამკვლევი შეიქმნა, რომელიც პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს აერთიანებს და სულ მალე, ყველა დაინტერესებული სკოლისა და კათედრის ხელმძღვანელისათვის გახდება ხელმისაწვდომი.